მარსელში "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერების ვიზიტი გრძელდება. გიორგი თარგამაძე დღეს შეერთებული შტატების რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს და მასაჩუსეტსის შტატის გუბერნატორს ტიმ პოლენტის შეხვდა.
როგორც "ჯი-ეიჩენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა რეგიონში უსაფრთხოების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის, დემოკრატიის და მრავალპარტიული გარემოს ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი პირობების შექმნის საკითხები განიხილეს.
ქდმ-ს ლიდერები - გიორგი თარგამაძე, მაგდა ანიკაშვილი და გიორგი რუხაძე ევროპის სახალხო პარტიის მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენ.
„ეს იყო ძალზე საინტერესო შეხვედრა როგორც გამოცდილების გაზიარების, ისე შედეგის თვალსაზრისით. საგულისხმოა, რომ ევროპის ქვეყნებში დასაქმებულთა 80 პროცენტი სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის წილზე მოდის. ჩვენ დაარსების დღიდან ვითხოვთ საქართველოში ამ სეგმენტის აქტიურ მხარდაჭერას. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ევროპის სახალხო პარტიის დახმარებით, საქართველოში სპეციალური ფონდებიდან ფინანსური რესურსის მოზიდვა მოხდება, რაც ამ სფეროს გაზრდის და გააძლიერებს" - განაცხადა თარგამაძემ.
„ქრისტიან-დემოკრატების" დელეგაცია საფრანგეთში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა სახალხო პარტიის ლიდერებთან, პარტიის მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტთან და ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან.