ქდმ-ს ლიდერები მარსელში შეხვედრებს განაგრძობენ. გიორგი თარგამაძე, მაგდა ანიკაშვილი და გიორგი რუხაძე ევროპარლამენტში ევროპის სახალხო პარტიის ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარეს ჯოზეფ დოლს შეხვდნენ.
როგორც "ჯი-ეიჩენს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, მხარეებმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებზე, თბილისისა და მოსკოვის ურთიერთობაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების უახლოეს მომავალში დაწყების შესახებ ისაუბრეს. გიორგი თარგამაძემ მადლობა გადაუხადა ჯოზეფ დოლს იმ მხარდაჭერისთვის, რასაც ევროპარლამენტი და ევროპის სახალხო პარტია საქართველოს მიმართ იჩენს.
დაგეგმილია შეხვედრა ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, სახალხო პარტიის მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტთან და ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან. შეხვედრა უკვე გაიმართა ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან, სადაც მხარეებმა ქდმ-სა და რესპუბლიკურ ინსტიტუტის საერთო პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.