დღეს, 9 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ის სამეცნიერო პორტალის პრეზენტაცია გაიმართება .
სამეცნიერო პორტალი IREX-ის მიერ დაფინანსებული პროექტის - "თსუ-ის სამეცნიერო პორტალი" - ფარგლებში შეიქმნა. პროექტის ხელმძღვანელი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი გიორგი ღვედაშვილია.
თსუ-ის სამეცნიერო პორტალის (www.rp.tsu.ge) მიზანია, თსუ-ის პერსონალის შესახებ ინფორმაციისა და სამეცნიერო აქტივობების კონცენტრირება, მეცნიერთათვის უკეთესი ურთიერთკავშირის უზრუნველყოფა, მეცნიერების სტიმულირება და პოპულარიზაცია, ახალგაზრდა მეცნიერებსა და სტუდენტებში სამეცნიერო ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება.
პორტალი წარმოადგენს შესაბამის გარემოს ინფორმაციის ოპერატიული გაცვლისთვის. პორტალში ყოველ დარეგისტრირებულ მომხმარებელს ექნება თავისი განყოფილება (პროფილი), კერძოდ, მას შესაძლებლობა მიეცემა ატვირთოს თავისი CV, საჯარო გახადოს კვლევის სფერო და ინტერესები, ატვირთოს პუბლიკაციები, წიგნები და კვლევითი პროექტები.
პორტალის დახმარებით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება მიიღოს ინფორმაცია თსუ-ში კვლევითი ღონისძიებების შესახებ, შეიტყოს კონფერენცია-სემინარების, დაგეგმილი პროექტების, სამეცნიერო პუბლიკაციებისა და ახალი თარგმანების შესახებ.