საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთში ისტერიკაა და იქ არსებული სისტემის კრახი გარდაუვალია. როგორც სააკაშვილმა ფრანგ კოლეგასთან, ნიკოლა სარკოზისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ყველა ოკუპაცია მთავრდება დეოკუპაციით და საქართველოს შემთხვევაშიც ასე მოხდება.
"ევროპასა და დსთ-ს შორის განსხვავება არის ის, რომ ევროპა არის თავისუფალ ერთა კავშირი, რომელიც ეფუძნება თავისუფალ ნებას, სადაც პატივს სცემენ ჩვენს თავისუფლებასა და სუვერენიტეტს. ის რომ მივაღწიეთ იმას, რომ ტერმინები ოკუპაცია და ეთნოწმენდა დამკვიდრდა ასე მყარად, არის გადამწყვეტი, რადგან პატარა ქვეყნისთვის საერთაშორისო სამართალი არის მთავარი რამ. მთავარი რისი საფრთხეც არსებობდა და რისი გაკეთებაც უნდოდა რუსეთს იყო ის, რომ ღამე დაემთავრებინა თავის საქმე და მერე დღის სინათლეზე არაფერი აღარ გამოჩენილიყო და ყველა კვალი წაშლილიყო. ყველანაირი ოკუპაცია მთავრდება დეოკუპაციით და ეთნიკური წმენდის ჩამდენები ადრე თუ გვიან თავის ქმედებებზე აუცილებლად აგებენ პასუხს. ამიტომ, ეს იურიდიული კონსტრუქცია ჩვენთვის არის დიდი დიპლომატიური გარღვევა. ყველა, მათ შორის მათაც ვინც ვერ გადააბიჯა მონურ მენტალიტეტს, კარგად უნდა შეხედონ როგორი ისტერიკა არის ჩრდილოეთში, უნდა შეხედონ როგორი გარდაუვალია კრახი იმ სისტემისა, რომელიც ახდენს ოკუპაციას ჩვენი ტერიტორიების. უნდა შეხედონ თუნდაც იმას, რა ხდება მოსახლეობისგან მთლიანად დაცარიელებულ ცხინვალში", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ყვეა უნდა მიხვდეს, რომ ამ სისტემაში და ამ სიტუაციაში დასაბრუნებელი გზა საქართველოსთვის მოჭრილია.
"ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი გზა ევროპისკენ. საქართველოს გამთლიანების გზა გადის სწორედ ევროპაში ინტეგრაციაზე. არანაირი ვეტოს უფლება არცერთ სხვა მხარეს, განსაკუთრებით რუსეთს, ჩვენს ევროინტეგრაციაში არ გააჩნია" , -აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.