"სახალხო კრება" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, ჯონ ბასს მიმართავს. მიმართვას "ჯი-ეიჩ-ენი" უცვლელად გთავაზობთ:
"ამერიკის შეერთებული შტატებისა და მსოფლიო მედიასაშუალებების ყურადღების ცენტრში მოექცა ფოტო, რომელზეც ნათლად ჩანს კალიფორნიის უნივერსიტეტის მჯდომარე მომიტინგე სტუდენტები, რომელთაც ერთ-ერთი პოლიციელი ცრემლსადენ გაზს ასხამს. ფოტოზე აღბეჭდილმა პოლიციელის ქმედებამ ნამდვილი სკანდალი გამოიწვია. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საზოგადოების მკვეთრ უარყოფით რეაქციასა და პროტესტს ორი პოლიციელისა და მათი ზემდგომი პირის - პოლიციის უფროსიის გადადგომა მოჰყვა.
2011 წლის 26 მაისს, საქართველოში, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სპეცდანიშნულების რაზმებმა და ზონდერ ბრიგადებმა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ჩაატარეს სადამსჯელო სპეცოპერაცია, რასაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე და ასობით ადამიანის ჯანმრთელობა ემსხვერპლა. ადგილზე, ბორკილებდადებულ აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს ძალოვანები უმოწყალოდ, ხელკეტებით სცემდნენ და ესროდნენ რეზინის ტყვიებს. შემდეგ კი მოუწყვეს სირცხვილის დერეფანი და დაკავებულები გადაიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც უკვე კაბინეტებში სასტიკად აწამეს.
ძალოვანების წარმოუდგენელი ვანდალიზმი მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა და უამრავ კანონდარღვევას ძალოვანებისა და ზონდერბრიგადების მხრიდან პირდაპირ ეთერში გადასცემდა რამდენიმე როგორც ქართული, ასევე უცხოური ტელეკომპანია, არსებობს ამის ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნები.
26 მაისის დილას საქართველოს დედაქალაქში განვითარებული მოვლენების ობიექტურ გამოძიებას დღემდე ითხოვს როგორც „სახალხო კრება", ასევე საერთაშორისო ორგანიზაციები და მთელი ცივილიზებული სამყარო, თუმცა ამ მოთხოვნას რეალური და ადექვატური შედეგი არ მოჰყოლია.
„სახალხო კრება" და მისი მომხრეები, საქართველოში სწორედ ისეთი დემოკრატიის მოთხოვნით მართავდნენ საპროტესტო აქციებს, როგორიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში - ამერიკის შეერთებულ შტატებში და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებშია, სადაც ყველაზე მთავარი ღირებულება - ადამიანის თავისუფლება სახელმწიფოსაგან არის დაცული, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ჩადენილი დანაშაულისათვის პასუხს ყოველთვის აგებენ დამნაშავეები. ჩვენ ისეთ დემოკრატიისათვის ვიბრძვით, როგორიც დიდ ბრიტანეთშია, სადაც უკანონო სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით, თანამდებობა - სკოტლანდ იარდის ხელმძღვანელმა დატოვა, ხოლო დამნაშავე პოლიციელები დაისაჯნენ.
ბატონო ელჩო!
ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ კალიფორნიის უნივერსიტეტში მომხდარ ინციდენტზე უმალვე ადექვატური რეაგირება მოახდინა და დამნაშავეები დასჯილნი იქნენ.
გეკითხებით თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს!
თვლით თუ არა, რომ საქართველო მეორეხარისხოვანი ქვეყანაა სადაც ხელისუფლების უკანონო ქმედებები შეიძლება გამოუძიებელი და დაუსჯელი დარჩეს და იზიარებთ თუ არა პოზიციას, რომ 26 მაისს რუსთაველის გამზირზე უხარისხო ქართველები ვიდექით?
რატომ არ მოითხოვთ კატეგორიულად თქვენს მიერ უპირობოდ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლებისაგან 26 მაისის მოვლენების ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას? მით უფრო, რომ ბევრი ადამიანი საქართველოში სწორედ თქვენს მიერ, 2011 წლის 25 მაისს, გაკეთებულ განცხადებას აღიქვამს ხელისუფლებისათვის მწვანე შუქის ანთებად.
26 მაისის მოვლენების გამო „სახალხო კრების" 400 მომხრე უკანონოდ გასამართლდა ადმინისტრაციული წესით, 39 ადამიანი კი დაკავებულია და მოგონილი ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ელის. მათზე და მათი ოჯახის წევრებზე, მიმდინარეობს მუდმივი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა, რომ როგორმე აღიარებითი ჩვენება მიაცემინონ არ არსებულ დანაშაულზე. რაც ყველაზე მთავარია, ყველა ამ საქმეზე არ არსებობს არანაირი მტკიცებულება გარდა პოლიციელების ცრუ ჩვენებისა.
ჩვენ გვინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დემოკრატიული ქვეყნებისათვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტები, მით უფრო დემოკრატიის ისეთ ფუნდამენტალურ საფუძვლებზე, როგორიც ადამიანის უფლებების დაცვა გახლავთ".