ხვალ, 5 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები გაიმართება. არჩევნებში შვიდი კანდიდატი მონაწილეობს - #1 ლევან გაჩეჩილაძე, #2 არკადი (ბადრი) პატარკაციშვილი, #3 დავით გამყრელიძე, #4შალვა ნათელაშვილი, #5 მიხეილ სააკაშვილი, #6 გიორგი მაისაშვილი, #7ირინა სარიშვილი.
პრეზიდენტის არჩევნების პარალელურად გაიმართება პლებისციტი. საქართველოს მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს ქვეყნის განვითარებისა და მომავლის უმთავრეს კითხვას _ უჭერენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო).
პლებისციტის შედეგების მიხედვით, რომელიც ხელისუფლებისათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა, მომავალმა პრეზიდენტმა და საქართველოს ხელისუფლებამ ადექვატურად უნდა წარმართონ ქვეყნის განვითარება. ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე დაანახონ დანარჩენ მსოფლიოს ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური ნება.
საქართველოს მოსახლეობა პლებისციტში პასუხს გასცემს ორ კითხვას: 1.საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნები ჩატარდეს საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად 2008 წლის 1 ოქტომბრიდან 2008 წლის 31 დეკემბრამდე, თუ 2008 წლის გაზაფხულზე; 2. უჭერენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო).