ნატო-ს მინისტერიალზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველო პირველად არის მოხსენიებული ნატო-ს ასპირანტ ქვეყნად. ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ეს არის სპეციფიური ტერმინი და არის მოხსენიებული იმ ქვეყნებს შორის, რომელთაც აქვთ მიღებული "მაპ"-ი. ეს არის ბოსნია ჰერცოგოვინა, მაკედონია და მონტენეგრო. საქართველო დაჯგუფა იმ ქვეყნებთან ერთად, რომლებიც მანამდე იყვნენ აღიარებულნი, როგორც ნატო-ში გაწევრიანების გზაზე მყოფი ქვეყნები, რადგანაც მათ ჰქონდათ მიღებული "მაპ"-ი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების ინსტრუმენტები ფაქტობრივად უტოლდება იმ ინსტრუმენტებს, რომელიც აქვთ ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებს", - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, ნატო აღიარებს ამ ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ძალიან მნიშვნელოვან წვლილს ავღანეთში მიმდინარე ნატო-ს ოპერაციაში.
"ეს არის ხაზგასმით აღნიშნული დოკუმენტში. ასევე, ნატო მიესალმება ასპირანტი ქვეყნების რეფორმების განხორციელებას და მხარს უჭერს ამ რეფორმების გაგრძელებას. დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას, რომ ნატო-ს ოფიციალურ დოკუმენტში საქართველო პირველად არის აყვანილი ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსში. თუმცა ეს პროცესია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო დაფიქსირდა გაწევრიანების გზაზე ოფიციალურად მყოფი წევრების ჯგუფში. ხარისხობრივად ეს სულ სხვა სტატუსს გვაძლევს და ბუნებრივია პოლიტიკურად ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე", - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.