მარსელში "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი მაგდა ანიკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელობას შეხვდა. ანიკაშვილის და ორგანიზაციის თავმჯდომარის დორის პაკის შეხვედრაზე სოციალურ და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობის ორწლიანი გეგმა დაისახა.
„ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობთ სოციალური უსაფრთხოების ევროპული მოდელის საქართველოში დანერგვის აუცილებლობაზე. ეს იყო დღევანდელი საუბრის მთავარი თემა ქალბატონ პაკთან შეხვედრაზე. დავსახეთ ორწლიანი სამოქმედო გეგმა, სადაც პრიორიტეტული ამოცანაა საოჯახო პოლიტიკაზე დაფუძნებული სოციალური სისტემის მშენებლობა და ამ პროცესში სახალხო პარტიის ხელშეწყობა" - განაცხადა ანიკაშვილმა.
„ქრისტიან-დემოკრატების" დელეგაცია საფრანგეთში ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში უკვე გაიმართა შეხვედრა სახალხო პარტიის ლიდერებთან, პარტიის მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტთან, ამერიკის შეერთებული შტატების რესპუბლიკური ინსტიტუტის ხელმძღვანელობასთან და მასაჩუსეტსის გუბერნატორ ტიმ პოლენტისთან.
"ქრისტიან-დემოკრატები" თბილისში 9 დეკემბერს დაბრუნდებიან.