პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის 190 გაზრდასთან დაკავშირებით უმრავლესობა კონსულტაციებს იმ ოპოზიციურ პარტიებთან აპირებს, რომლებიც დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას უჭერდნენ მხარს.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განცხადებით, დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას ოპოზიცია ითხოვდა, რომელთა აზრით, ეს მათთვის იყო შანსი იმისა, რომ მომავალ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური ძალა ყოფილიყო წარმოდგენილი.
"იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი საყოველთაოდ ცნობილია, ამ არგუმენტის მოსმენის შემდეგ, ჩვენ კომპრომისზე წავედით და პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას დავთანხმდით. ახლა თუ კომპრომისის მომთხოვნი მხარე და ყველა ის პარტია, ვინც მემორანდუმს მოაწერა ხელი, გადაწყვეტილებას გაემიჯნება, ჩვენ ვისთან, რა კომპრომისზე უნდა წავიდეთ? ჩვენ პარლამენტის წევრთა გაზრდის საკითხს მათ გარეშე არ მივიღებთ," - აცხადებს გაბაშვილი. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ეს მისი პირადი მოსაზრებაა და უმრავლესობაში ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბებული ჯერ-ჯერობით არ არის.
გაბაშვილის თქმით, პარლამენტის შემადგენლობის 150-დან 190 დეპუტატამდე გაზრდის საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობა შეიკრიბება და კონსულტაციებს გამართავს.
"პირადად ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს პარლამენტში 150 დეპუტატი იქნება თუ - 190. მთავარია, პარლამენტში ყველა ძირითადი პოლიტიკური ძალა იყოს წარმოდგენილი, რადგან ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეების პარლამენტს გარეთ ყოფნა პოლიტიკური პროცესებისთვის საზიანოა" - აღნიშნა გაბაშვილმა.