არააკრედიტირებული სასწავლებლის სტუდენტებს მიეცემათ საშუალება ჩააბარონ ეროვნული გამოცდები და გადავიდნენ აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში. ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში დაახლოებით 7 ათასი სტუდენტია, რომლებიც არაავტორიზებულ და არააკრედიტებულ უნივერსიტეტებში სწავლობენ.
"ეს არიან ის ბავშვები, რომლებმაც თავის დროზე ვერ ჩააბარეს ეროვნული გამოცდები, მაგრამ უნდოდათ სწავლა და თავისი ჯიბიდან იხდიდნენ სწავლების საფასურს. ჩვენ ვთავაზობთ ამ 7 ათას სტუდენტს, რომ წელს სახელმწიფო დაუფინანანსებს 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლას და მათ შეასაძლებლობა ექნებათ ჩააბარიონ ეს გამოცდები და წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მოხდება მათი კრედიტების აღიარება სპეციალური კომისიის მიერ. არ დაკარგავენ იმ 3-4 წელს, რომელიც ისწავლეს უნივერსიტეტებში. ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასვლა იქნება ნებაყოფლობითი და წარმატების შემთხვევაში ისინი ჩაირიცხებიან უფრო მაღალი დონის უნივერსიტეტებში, რომლებიც განათლების სამინისტროს მოთხოვნებს აკმაყოფილებენ", - განაცხადა შაშკინმა.
თავის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გიალურმა განაცხადა, რომ ეს რეფორმა იმ 10 პუნქტიანი გეგმის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა.
"ბოლო რეფორმა არის ის, რომ გარკვეული ცვლილება იქნება მათთვის ვინც არააკრედიტირებულ უნივერსიტეტებში სწავლობენ. ანუ დღეს ჯამში დარჩა 30-35 სასწავლებელი, რომელიც არ აკმაყოფილებს სრულ მოთხოვნებს, რაც განათლების სამინისტროს აქვს და შესაბამისად აღნიშნულ სასწავლებლებში სწავლების ხარისხიც დაბალია, თუმც აქ სწავლობს რამდენიმე ათასი ახალგაზრდა. მათი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ მათ მიერ აღებული დიპლომები არ იქნება აღიარებული არც საერთაშორისო საგანმანათლებლო საზოგადოების მიერ და არც საქართველოში. შესაბამისად ჩვენ ვთავაზობთ ცვლილებას, რომელიც გარკვეულწილად გაუმარტივებს ამ ახალგაზრდებს სწავლებას და პირიქით შევეცდებით რომ შემოვიდნენ იმ უნივერსიტეტებში, რომელთა სწავლების დონე მაღალია და რომლებიც აკრედიტირებულია" - განაცხადა გილაურმა.