რუსეთის ხელისუფლება მღელვარე შაბათ-კვირისათვის ემზადება - ამ დღეებში მოსკოვში ოპოზიციის ახალი მასშტაბური საპროსტესტო აქცია იგეგმება, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა გაპროტესტდეს. ამას გარდა, სრულდება წლისთავი მანეჟის მოედანზე გამართული აქციებისა, რომელიც კავკასიელების მიერ ფეხბურთის გულშემატკივრის ეგორ სვირიდოვის მკვლელობის გამო მიმდინარეობდა.
ოპერმუშაკები ბლოგებისა და სოციალური ქსელების აქტიურ მონიტორინგს ატარებენ და ეძებენ ხდება თუ არა ნაციონალისტების მოლაპარაკებები შეკრებასთან დაკავშირებით. ამას გარდა, რუსული მედიისათვის ცნობილი ხდება, რომ შაბათ-კვირისათვის შს სამინისტროს შინაგანი ჯარის ძერჟინსკის სახელობის სამხედრო ნაწილისათვის სწრაფი კვების ობიექტებში საკვები უკვე შეკვეთილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამხედროებს ამ დღეებში გამოკვება ქუჩაში, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას მოუწევთ.
"შაბათს დილიდან მოსკოვის ცენტრში მდებარე ყველა ცენტრალური მოედნის და მეტროსადგურის პატრულირება დაიწყება. კვირასაც ცენტრში ვიქნებით", _ განაცხადა რუსულ მედიასთან საუბარში წყარომ ძერჟინსკის სახელობის ბატალიონიდან.
ამავდროულად, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აქციების დასარბევად მოსკოვში ჩეჩნური სამხედრო პოლკი უკვე ჩაიყვანეს. "კომერსანტის" ჟურნალისტი წერს, რომ მოსკოვში შეყვანილი ჩეჩნული ბატალიონი დედაქალაქის ჩრდილო-დაასვლეთ ნაწილშია დაბანაკებული და მათთვის უკვე გამოყოფილია 600 ბინა. ამ ინფორმაციას ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის პრესსამსახურის უფროსი ალვი კარიმოვი "სისულელეს" უწოდებს და ყოველივეს კატეგორიულად უარყოფს.
თავად მოსკოვის სამართალდამცავები აცხადებენ, რომ დასვენების დღეებში მოსკოვში სამართალდამცავების მიერ კონტროლზე იქნება აყვანილი ყველა მეტროსადგური, მიწისქვეშა გადასასვლელი და მოედანი საიდანაც ქალაქის ცენტრში შეიძლება მოხვედრა. არ გამორიცხავენ იმასაც, რომ კვირას ცენტრალური მოედნები საერთოდ დაიხუროს.
ყოველივე ამის ფონზე აღსანიშნავია, რომ მოსკოვის რამდენიმე ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მერიამ სასწრაფო სარემონტო სამუშაოები დანიშნა.
გაზეთი "კომერსანტი" წერს, რომ გასული ორი დღის განმავლობაში გამართული აქციების დროს მოსკოვის პოლიციამ დაკავებული ადამიანების თვალსაზრისით რეკორდი მოხსნა. გაზეთის ინფორმაციით, ბოლო ორ დღეში დაკავებულია 1000 მდე ადამიანი. მათზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ოქმებს ადგენენ და ყველას 15 დღეღამით სვამენ ციხეში.