ევროკავშირის სამიტი, რომელიც 8-9 დეკემბერს გაიმართება, უკვე ფასდება როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნად მისი არსებობის განმავლობაში. ევროპის ლიდერები შეეცდებიან თავიდან აიცილონ 2008 წლის კრიზისის განმეორება. საუბარია, 17 ქვეყნის ერთიანი ვალუტისადმი ნდობაზე.
იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში ევროკავშირის ლიდერები არაერთხელ შეეცადნენ კრიზისის დაძლევის ღონისძიების შეთანხმებაზე, პროცესები ღრმავდება და გლობალურ რეცესიაში გადაზრდის საშიშროებას ქმნის.
ამ პროცესის პარალელურად საფრანგეთი და გერმანია მიიჩნევენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ევროკავშირის ძირითადი დოკუმენტების შეცვლაა. ანგელა მერკელის განცხადებით, აუცილებელია ევროკავშირის სადამფუძნებლო დოკუმენტში აისახოს საბიუჯეტო წესები. შესაბამისი ინიციატივა უკვე ასახულია გერმანიისა და ესპანეთის კონსტიტუციებში და მას მხარს უჭერს საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზიც.
ევროპელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა უნდა დაიწყოს ევროზონის ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების შესყიდვა, რაც საბანკო დეფოლტის თავიდან აცილების გარანტია გახდება. თუმცა, ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი ინფლაციის ზრდის მაპროვოცირებელი გახდება.