თბილისის მერმა გიგი უგულავამ ივენთ-ჰოლში სამთო სათხილამურო კურორტ გუდაურში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია გამართა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა. ღონისძიებაზე ასევე გუდაურის ვებგვერდის, ნიაზ დიასამიძის მიერ გუდაურზე შექმნილი ახალი სიმღერისა და კლიპის ჩვენება გაიმართა.
გუდაურის პოპულარიზაციისა და მისი საინვესტიციო პოტენციალის გაზრდის მიზნით, 2011 წლის გაზაფხულიდან თბილისის მერიამ გუდაურის განვითარების პროექტის განხორციელება დაიწყო. შედეგად, გაიზრდება ტურისტების რაოდენობა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოიმატებს ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლები. სრული დატვირთვით იმუშავებს სპორტული სკოლები, განვითარდება ინფრასტუქტურა, რაც საერთაშორისო ტურნირების ჩატარების შესაძლებლობას შექმნის.
გუდაურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ტერიტორიის რელიეფის ანალიზი, ახალი სათხილამურო ტრასების პროექტირება და მომზადდა საბაგირო სქემა. ძველ გუდაურში განახლდა საბაგიროები, შეიცვალა ბაგირები, დამონტაჟდა ახალი სკამები. გაიზარდა საბაგიროს გამტარუნარიანობა და მას სიჩქარე მოემატა. გასუფთავდა სათხილამურო გზები, შესაბამისად სრიალი უკვე შესაძლებელი იქნება მცირე რაოდენობის თოვლზეც, შეკეთდა თოვლის სატკეპნი 5 მანქანა და დაემატა 1 ახალი. განხორციელდა ასევე წყალ-კანალიზაციის სისტემისა და გზების რეაბილიტაცია, დამონტაჟდა გარე განათება, მოეწყო ნაგავსაყრელი ინფრასტრუქტურა. აშენდა ბენზინგასამართი სადგური, აფთიაქი, სუპერმარკეტი და განახლდა სასტუმროები.
მსოფლიოში ცნობილი კომპანია Ecosign-ის მიერ მოხდა „ახალი გუდაურის" დაგეგმარება და შემუშავებული პროექტის მიხედვით ტერიტორია ინვესტორებისათვის ბევრად უფრო მიმზიდველი გახდა.
„ახალ გუდაურამდე" გაყვანილია 2 კილომეტრიანი გზა, განვითარდა ინფრასტრუქტურა, დამონტაჟდა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირისა და წყალ-კანალიზაციის სისტემები.
სათხილამური გზის ქვევით აშენდა 50 მეტრიანი საავტომობილო გვირაბი, მოეწყო 1 000 მანქანაზე გათვლილი პარკირების ადგილი.
„ახალ გუდაურში" დამონტაჟდა კავკასიის მაშტაბით ყველაზე გრძელი გონდოლა, რომლის სიგრძე 2 450 მეტრია, თითოეულ გონდოლა გათვლილია 10 ადამიანზე. ის სწრაფია და დანიშნულების ადგილამდე 7 წუთზე ნაკლები სჭირდება.
სათხილამურო გზა 21 კმ.-დან 57 კმ.-მდე გაიზარდა. სპეციალურად დამწყებთათვის და ბავშვებისთვის დამონტაჟდა 400 მ. ბიგელი, 4 მოძრავი ხალიჩა, სასრიალო მილები და გასართობი მოედანი. თოვლმავლებისთვის გაკეთდა დამოუკიდებელი გზა, რომელიც ხელს არ შეუშლია მოთხილამურეებს. აშენდა ტურისტული სერვის-ცენტრი, გაყიდვების ოფისი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისი.
გუდაური მთლიანად აღიჭურვა WI-FI-ით
ამ ეტაპზე „ახალ გუდაურში" შენდება სასტუმროები, რესტორნები, ბარები და სხვადასხვა გასართობი საშუალებები.
განხორციელებული და მიმდინარე პროექტები ათასობით სამუშაო ადგილს ქმნის, დასაქმდება, როგორც ადგილობივი ისე თბილისიდან ჩასული ადამიანები.
გუდაურის განახლების პროექტს თბილისის მერია ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ფინანსთა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების აქტიური მხარდაჭერითა და თანამშრომლობით ახორციელებს.
განახლებული გუდაური ტურისტებს დეკემბრის ბოლოდან ელის და მათ ახალ სერვისებსა და კომფორტულ დასვენებას სთავაზობს.
"ძველი გუდაურის მახლობლად ფაქტობრივად, ახალ კურორტს, ახალ გუდაურს ვაშენებთ, - მსოფლიოს უმაღლესი სტანდარტებისა და მოთხოვნების შესაბამისად! უკვე მიყვანილია წყალი, ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, გზა და განვითარებისათვის აუცილებელი სხვა ინფრასტრუქტურა.
ყოველივე ამის შედეგად, გუდაურში უკვე გაიზარდა ეკონომიკური აქტივობა, იქ ბიზნესის დაიწყების უამრავი მსურველიც გამოჩნდა, ესე იგი შექიმნა წინაპირიბა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები.
გუდაურმა პირველი საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა პირველად მისი არსებობის ისტორიაში, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ გადაწყვიტა, სწორედ გუდაურში 18-20 თებერვალს ჩაატაროს თასი სნოუბორდში - 300 უცხოელი სპორტსმენის მონაწილეობით.
ჩვენ მოვახდინეთ რესურსების მობილიზება და მისი ოპტიმალური და ეფექტური მართვა. გნებავთ პატრონობა ან ლობირება დავარქვათ. დამეთანხმებით, რომ მთავარია რომ საქმე გაკეთდეს. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ სტრუქტურას, რომლმაც მონაწილეობა მიიღო კურორტის განვითარებაში. ესენია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროები ასევე მცხეთა მთიანეთის ადმინისტრაციას. ასევე კერძო სექტორს და ყველა იმ ადამიანსა, ვინც დღემდე სიცივეში, რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დგას და მუშაობს, რათა გუდაურის მოყვარულებსა და ტურისტებს გაუმჯობესებული კურორტი დახვდეთ. დღევანდელი გუდაური კარგი მაგალითია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთიანი ეფექტური მუშაობის.
შესრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების მაშტაბურობა ვფიქრობ საუკეთესო პასუხია ყველა სკეპტიკოსისთვის, რომ თუ არის პოლიტიკური ნება, ერთიანი ხედვა, კომპეტენცია და ეფექტური აპარატი 6 თვის განმავლობაშიც კი შეიძლება სასწაულის მოხდენა. ამასთანავე, მეგობრებო, გუდაური არ არის ის კურორტი, რომლის მთელი პოტენციალის ამოქმედება 6 თვეშია შესაძლებელი", - განაცხადა უგულავამ. .