დღეს კოალიციის „არჩევნის თავისუფლებისთვის" წევრები - ირაკლი მელაშვილი, კოტე კანდელაკი, ზვიად ქორიძე და უჩა ნანუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე კოალიციის წევრებმა კოალიციის საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, მათ შორის, მედიისა და საარჩევნო საკითხებზე. „ევროკავშირის წარმომადგენლებს დეტალურად ვესაუბრეთ ჩვენს პროექტებსა და ინიციატივებზე. მაგალითად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში თემატური დებატების დაწყებასა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ სხვადასხვა ინიციატივაზე. მათი დაინტერესება ამ საკითხების მიმართ აშკარად გამოჩნდა, შესაბამისად, მომავალ თანამშრომლობაზეც შევთანხმდით", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კოალიციის ერთ-ერთმა წევრმა, სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელმა, კოტე კანდელაკმა.
დღესვე კოალიციის წევრი ირაკლი მელაშვილი ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კოალიციის საქმიანობის შესახებ ესაუბრა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მელაშვილმა განაცხადა, კოალიციის გეგმებმა აშშ საელჩოს ინტერესი გამოიწვია, ამიტომაც მათთან კიდევ ერთი შეხვედრა იგეგმება. „უახლოეს დღეებში გაიმართება ჩვენი კოალიციის წევრთა და საელჩოს წარმომადგენელთა შეხვედრა, სადაც დეტალურად ვისაუბრებთ იმ საკითხებზე, რის აქტუალიზებასაც კოალიციის ფარგლებში ვგეგმავთ", - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.
კოალიცია „არჩევნის თავისუფლებისთვის" 2011 წლის 17 ნოემბერს შეიქმნა. კოალიციის წევრები არიან: ირაკლი მელაშვილი - ექსპერტი საარჩევნო საკითხებში; ზვიად ქორიძე - მედია ექსპერტი; კოტე კანდელაკი - სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი; უჩა ნანუაშვილი - ადამიანის უფლებათა ცენტრი; ია მამალაძე - საქართველოს მედია მონიტორინგის ცენტრი; გიორგი ხუციშვილი - კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი; დავით ნარმანია - კავკასიის ეკონომიკური და სოციალური კვლევითი ინსტიტუტი; მაგდა პოპიაშვილი - საქართველოს მედია კლუბი; დავით ლოსაბერიძე - ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი; მურმან პატარაია - სამოქალაქო განათლების რესურს-ცენტრი.