ამ მომენტისთვის ევროკავშირის წევრობა არარელევანტურია. ამის შესახებ EurActiv-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
"ჩვენ არ ვსაუბრობთ გაწევრიანებაზე საშუალოვადიან პერსპექტივაში, ყოველ შემთხვევაში, უახლოესი სამ-ხუთ წელიწადში", - აღნიშნა ბარამიძემ ინტერვიუში, რომლის ქართულ ვერსიას "ფორეინპრესი" აქვეყნებს.
მისი თქმით, რაც უფრო მეტად გააღრმავებს საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირთან, მით უფრო გაუჭირდება რუსეთს უკანონო ოკუპაციის გაგრძელება.
"ხოლო როდესაც ჩვენ ნატოს წევრები გავხდებით, რუსეთი ამ ოკუპაციის შენარჩუნების სტიმულს დაკარგავს. ისინი მიხვდებიან, რომ ასეთი 19-ე საუკუნის მეთოდებით საქართველოსთან რაიმე ტიპის შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იქნება. ჩვენ და რუსეთს გვაქვს საერთო ინტერესები და ჩვენ მზად ვართ ამ ინტერესებს პატივი ვცეთ, მაგრამ ტანკებით და ოკუპაციით ამას ვერ მიაღწევენ. ვფიქრობ, მას შემდეგ რაც ნატოს წევრები გავხდებით, ისინი უფრო კონსტრუქციულები გახდებიან. და მაშინ გაცილებით იოლი გახდება იმ ყველაფრის გადაწყვეტაც, რაც ევროკავშირთან ინტეგრგრაციას ეხება. ანალოგიური რამ მოხდა პოლონეთის და ბალტიის ქვეყნების შემთხვევაში - მას შემდეგ, რაც ისინი ნატოს წევრები გახდნენ, რუსეთმა მათთან ურთიერთობის ნორმალიზება დაიწყო", - განაცხადა ბარამიძემ.
მისი თქმით, დღეს საქართველო დღეს უფრო ახლოს არის ნატოს წევრობასთან, ვიდრე სამი წლის წინ იყო.
"ჩვენ გვაქვს რეფორმირების ყოველწლიური ეროვნული პროგრამა ჩვენი ინსტიტუტების განახლებისა და მოდერნიზების, მათი ნატოს სტანდარტებამდე მიყვანისვის; ჩვენ გვაქვს ასევე „საქართველო-ნატოს" კომისია პოლიტიკური კონსულტაციებისთვის ყველა საკითხზე. ჩვენ ამ ინსტრუმენტებს ძალიან ეფექტურად ვიყენებთ, და ყოველწლიურად ვაჩვენებთ მნიშვნელოვან პროგრესს. ჩვენ აქტიური საქმიანობის დემონსტრირებას ვახდენთ, ამიტომ მომავალი წლის არჩევნებიდან ორი-სამი წლის განმავლობაში, ჩვენ უკვე ყველა წინასწარ პირობებს უნდა შევესაბამებოდეთ", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.