რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი საერთაშორისო დამკვირვებლებს შენიშვნას აძლევს. ცესკო-ს თავჯდომარესთან, ვლადიმერ ჩუროვთან შეხვედრისას მედვედევმა განაცხადა, რომ ისეთი საკითხი, როგორიც პოლიტიკური პარტიების რაოდენობაა, რუსეთის მთავრობის პრეროგატივაა და მასში გარე ძალა არ უნდა ჩაერიოს. მედვედევის თქმით, მალე ალბათ რუსეთს ჭკუის სწავლებასაც დაუწყებენ თუ როგორ დაწეროს საკუთარი კონსტიტუცია.
"საკითხი პარტიების რაოდენობის შესახებ რუსეთის ხელისუფლების კომპეტენციაა და არა საერთაშორისო ორგანიზაციების. მათ მიერ არჩევნების დაკვირვება მისაღებია, მაგრამ ის თუ როგორ არის მოწყობილი ჩვენი პოლიტიკური სისტემა, მათი საქმე არ არის. მალე ალბათ იმასაც გვეტყვიან, როგორ დავწეროთ საკუთარი კონსტიტუცია", - განაცხადა მედვედევმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში სახელმწიფო სათათბიროს არჩევნები 4 დეკემბერს გაიმართა. ეუთო-ს დამკვირვებლები და დასავლეთი შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ არჩევნების პროცესში და ზოგადად საარჩევნო გარემოს კუთხით რუსეთში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა.