დღეს, 7 დეკემბერს, პარლამენტში სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრს, ხათუნა კალმახელიძეს ელოდებიან.
კალმახელიძე ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ახალი სასჯელის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას წარუდგენს.
ცვლილების მიხედვით, შეიქმნება თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება, სადაც ის პირები განთავსდებიან, რომლებსაც თავისუფლების აღკვეთა თავისუფლების შეზღუდვის სახით აქვთ შეფარდებული. ასეთ დაწესებულებაში მყოფ პირებს ერთმანეთთან ურთიერთობის საშუალება ექნებათ და დაწესებულების ტერიტორიის ფარგლებში მათი გადაადგილება შეზღუდული არ იქნება.
აღნიშნულ პირებს ექნებათ დასაქმების, არასამუშაო დღეებში ხანმოკლე პაემანის, სარეაბილიტაციო კურსების გავლის და საგანმანათლებლო პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა.
აღნიშნულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის საწარმოები განთავსდება და ეს ადამიანები სხვადასხვა ტიპის პროფესიულ უნარ-ჩვევებს დაეუფლებიან.