ხვალ, 7 დეკემბერს, ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო" სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების წლიურ ანგარიშს წარადგენს .
გამოცემაში გაანალიზებულია საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში განხორციელებული ცვლილებები და განხილულია 2009-2010 წლების განმავლობაში დეცენტრალიზაციის პროცესის მიმდინარეობა. მსგავსი ანგარიშები ფონდმა 2006, 2007 და 2008 წლებშიც მოამზადა.
დეცენტრალიზაციის პროცესთან დაკავშირებით ანგარიშში შეფასებული და გაანალიზებულია 2009-2010 წლებში ადგილობრივი მმართველობის სფეროში მიღებული კანონმდებლობა და მისი აღსრულება; თვითმმართველობის სფეროში ხელისუფლების საქმიანობა, ადგილობრივი პროგრამები და პროექტები; ნაჩვენებია დეცენტრალიზაციის პროცესის დინამიკა.
ანგარიშის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს დეცენტრალიზაციის/ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა და მისი შედარება 2006-2007 წლების მონაცემებთან, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობაში არსებული განწყობების, ტენდენციებისა და დინამიკის შესწავლა. დეცენტრალიზაციის/ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულება.
კვლევის მიგნებებსა და შედეგებზე დაფუძნებით მკვლევართა ჯგუფმა მოამზადა რეკომენდაციები, რომელიც მათი აზრით, არსებული ხარვეზების გამოსწორებას ხელს შეუწყობს.