დღეს, 4 იანვარს 24:00 საათზე საარჩევნო ბიულეტენების საარჩევნო უბნებზე ტრანსპორტირების პროცესი დასრულდება. ამის შესახებ სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლევან თარხნიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ბიულეტენების ტრანსპორტირება ორგანიზებულად განხორციელდა და ამ პროცესს მონიტორინგს სპეციალური კომისია უწევდა.
"ბიულეტენების ტრანსპორტირებისას რაიმე სახის პრობლემა არ შექმნილა, პროცესს, რომელსაც სპეციალური კომისია აკვირდებოდა, საკმაოდ ორგანიზებულად წარიმართა. საარჩევნო ბიულეტენებს დღეს საბოლოოდ ყველა ოლქი მიიღებს. დღესვე, 24:00 საათზე საარჩევნო ბიულეტენები საარჩევნო უბნებს გადაეცემა", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ლევან თარხნიშვილმა.
მისივე თქმით, საარჩევნო ბიულეტენები საზღვარგარეთ უკვე გაიგზავნა. ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოდან ბიულეტენების ნაწილი დიპლომატიური ფოსტით, ნაწილი კურიერის მეშვეობით გაიგზავნა.