ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 12 დეკემბერს აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ყვარელში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსში სხვადასხვა ღონისძიებები გაიმართება.
9:00 საათზე დაიწყება ლოცვითი მსვლელობა - ლიტანიობა. ყვარლის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრიდან, წმინდა ნაწილებს, ნეკრესის მონასტრის წმინდა აბიბოს ნეკრესელის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ.
როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნეკრესის ეპარქიის ადმინისტრატორმა გიორგი არჩუაძემ განუცხადა, ეპარქიაში 34 წმინდა ნაწილია, რომლებიც ერთ ლუსკუმაშია მოთავსებული.
მისივე თქმით, 10:00 საათზე, ნეკრესის მონასტრის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგია დაიწყება.
11:30 საათზე, წმინდა ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საგამოფენო დარბაზში გამოფენა გაიხსნება. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ეროვნულ მუზეუმში დაცული ხატებისა და სხვა ნივთების ასლები.
12:00 საათზე აბიბოს ნეკრესელის სახელობის ტაძარში ნეკრესის მიტროპოლიტი სერგი პარაკლისს გადაიხდის.
12:30 საათზე დაიწყება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აბიბოს ნეკრესელის სახელობის სასულიერო სემინარიის გუნდი, წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდი და ხალხური სიმღერის ანსამბლი „ხეურო".
13:00 საათზე მოეწყობა სადღესასწაულო ტრაპეზი.
ნეკრესობის დრესასწაულზე ყვარელში წმინდა სინოდის წევრებიც ჩავლენ. „უწმინდესსა და უნეტარესს ნეკრესის ეპარქიაში გაზაფხულზე ველოდებოდით, მაგრამ შესაძლებელია, ნეკრესობისთვის გვეწვიოს" აღნიშნა გიორგი არჩუაძემ.