ხვალ, 6 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ქ. იულიხის (გერმანია) სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაციის ხელმძღვანელი, ვიცე-დირექტორი, პროფ. სებასტიან შმიდტი იულიხის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებში საბუნებისმეტყველო მეცნიერების სხვადასხვა დარგში მიმდინარე კვლევების შესახებ საინფორმაციო მოხსენებას გააკეთებს. უნივერსიტეტის შესაბამის ჯგუფებსა და ინსტიტუტებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ დეტალური ინფორმაცია და სამომავლოდ დაამყარონ სამეცნიერო კონტაქტები გერმანელ პარტნიორებთან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრში უნივერსიტეტის სტუდენტთა მოკლევადიანი სავიზიტო პროგრამების განხილვა და შესაბამის შეთანხმებაზე ხელმოწერა; იულიხის სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდს შორის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების გაცვლითი პროგრამების შესახებ მემორანდუმის განხილვა და ხელმოწერა.
5-6 დეკემბერს საქართველო მასპინძლობს ქ. იულიხის (გერმანია) სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დელეგაციას ვიცე-დირექტორის პროფ. სებასტიან შმიდტის ხელმძღვანელობით. 5 დეკემბერს ჩატარდა მასპინძელი ორგანიზაციების (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდი) წარმომადგენლებისა და გერმანელი დელეგაციის შეხვედრა მრგვალ მაგიდასთან; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის №135 საკონფერენციო დარბაზში (თსუ, II კორპუსი) პროფ. დოქტორმა ჰანს შტროერმა წაიკითხა საჯარო ლექციას თემაზე: "მეცნიერების საზღვრები".