საახალწლოდ თბილისის ქუჩების განათება დასრულდა. გრანდოზული ჭაღები რუსთაველის გამზირზე წუხელ ღამით დაიკიდა.
საახალწლო სამზადისი დედაქალაქში ოქტომბრიდან გარეუბნებში დაიწყო და რუსთაველის გამზირზე დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ ჭაღები და განათების თითქმის ყველა აქსესუარი თბილისში დამზადდა. ქალაქში სხვადასხვა ფორმის განათებები დამონტაჟდა და ის დედაქალაქს იანვრის ბოლომდე დაამშვენებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის დირექტორმა, ნეკა სებისკვერაძემ განუცხადა, - "წლევანდელი ახალი წელი აღმაშენებლის გამზირზე გადაინაცვლებს".
"31 დეკემბერს საღამოს 18:00 საათზე აღმაშენებლის გამზირზე მსვლელობა დაიწყება, სადაც ასობით ხელოვანი მიიღებს მონაწილეობას. ასევე, პარალელურად იგეგმება რამდენიმე ღონისძიება. ეს იქნება ტრადიციული კონცერტი, რომელიც სასტუმრო "რადისონთან" მოეწყობა, სადაც იქნება სხვადასხვა თაობის მომღერლების კონცერტები", - განაცხადა სებისკვერაძემ.
ცნობისთვის, თოვლის ბაბუა ტრადიციულად წელსაც მთაწმინდის პარკში სანტა კლაუსთან ერთად იქნება. ისინი პატარებს საჩუქრებით გაუმასპინძლდებიან. მთაწმინდის პარკში ასევე, საახალწლო კონცერტებიც მოეწყობა.