ირაკლი ალასანია ვაშინგტონში ამერიკელ სენატორებს, ჯო ლიბერმანს, რიჩარდ ლუგარსა და ჯონ მაკკეინს შეხვდა.
"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა, ასევე შეხვედრა გამართა თეთრ სახლში, ბარაკ ობამას მრჩეველთან ევრაზიისა და რუსეთის საკითხებში, მაიკლ მაკფოლთან.
ირაკლი ალასანიას განცხადებით, მაკკეინთან განიხილეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საკითხი.
"დიდი მნიშვნელობა აქვს შემოთავაზებულ რეზოლუციას, რომელსაც მაკკეინი ამზადებს, რათა დაიწყოს სამხედრო თანამშრომლობა საქართველოსა და აშშ-ის შორის. ეს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ მთავარი, საქართველოში თავდაცვისუნარიანობისთვის, უსაფრთხოებისთვის დემოკრატიული ინსტიტუტები უნდა გამყარდეს, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდეს თავისუფლად ქვეყანაში, რაც აშშ-ს პირდაპირ სასიცოცხლო ინტერესებში შედის. ასეთ შეფასებას აკეთებენ სენატორები. ასეთი შეფასება გააკეთა ეროვნული უშიშროების საბჭოში, ბატონმა მაკფოლმა, პრეზიდენტის მრჩეველმა, რომ ამერიკა სისხლ-ხორცეულად დაინტერესებულია, საქართველო დემოკრატიული ტრანსფორმაციის წარმატების მოდელი გახდეს რეგიონში. ეს შეიძლება მოხდეს სწორედ შემდეგ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.