უშიშროების საბჭოს მდივანის გიგა ბოკერიას განცხადებით, კარგია თუკი ფუნდამენტურ საკითხებზე ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებთან კონსენსუსის მიღება ხერხდება. ეს განცხადება გიგა ბოკერიამ მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს 3 კომიტეტის სხდომაზე უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიმდინარე მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა.
ბოკერიას განცხადებით, კარგი შედეგია, როდესაც პოლიტიკურ მოთამაშეებთან ურთიერთგაგება და შეთანხმება ხდება ასეთ საკითხებზე.
~ქრისტიან-დემოკრატმა~ ნიკა ლალიაშვილმა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მოლაპარაკებების კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალეობის საკითხი დასვა, რასაც გიგა ბოკერიამ უპასუხა.
~ყველა ეტაპზე საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით დაინტერესებული პოლიტიკური მოთამაშებისთვის ცნობილი იყო როგორია ჩვენი პოზიცია. მოლაპარაკების მაგიდასთან დინამიკა როგორი არის, ამის ონლაინრეჟიმში განსაჯაროება არ ხდება~ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
~რაც შეეხება იმას, უფრო მეტის მიღწევა შეიძლებოდა თუ არა, ამ კითხვაზე ბატონ ნიკა ლალიაშვილს ბატონმა გიორგი თარგამაძემ გასცა პასუხი, რომ ეს იყო რეალისტურს შორის ყველაზე უფრო კარგი შედეგი~ - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.
დღეს სამი კომიტეტის სხდომაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძემ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ დეტალებზე იმსჯელეს.