დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამის კურთხევითა, მრევლის თანადგომითა და ხელშეწყობით, 10-მე დევნილი ბავშვი ოპერაციას გაიკეთებს და იმკურნალებს. ონკოლოგიური, ხერხემლის პრობლემებისა და სხვა მძიმე ფორმით დაავადებულ დევნილ ბავშვებს და მათ მშობლებს დღეს მინისტრი კობა სუბელიანი, მამა ანდრია ლაცაბიძე და მრევლის წარმომადგენლები სამინისტროში შეხვდნენ და დაფინანსების შესახებ ესაუბრნენ.
„დასავლეთ ევროპის მრევლის ორგანიზებით ფლორენციაში ჩატარებული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხებით მრევლმა დევნილი ბავშვების დახმარება გადაწყვიტა, კერძოდ, აღნიშნული თანხა 10-მდე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვების ოპერაციასა და მკურნალობას მოხმარდება. რამდენიმე ბავშვს სახელმწიფოსგან მძიმე ოპერაცია უფინანსდება, მაგალითად ინპლატანტი, რომელიც სმენის აღდგენას ემასხურება. ხოლო იმ ხარჯებს, რაც ოპერაციას ახლავს, ჩვენ სამრევლოს მიერ შეგროვილი თანხებით დავუფინანსებთ", - განაცხადა კობა სუბელიანმა.
როგორც ბავშვების მშობლებმა აღნიშნეს, საკუთარი სახსრებით მკურნალობას ვერ ახერხებდნენ და ძალიან უჭირდათ. „ჩემი შვილი 2 წლისაა, შუბლ-საფეთქლის და ნათხემის ატროპიით დაავადებული, ესაჭიროება ოპერაცია. სამინისტროს განცხადებით მივმართეთ, ჩვენი საკითხი შეისწავლეს, დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ მრევლის დახმარებით ჩვენი საკითხი დადებითად გადაწყდა. ძალიან იმედიანად ვარ, მადლობის მეტი რა მეთქმის" - აღნიშნა ბავშვის დედამ.
მამა ანდრიას თქმით: „საქველმოქმედო კონცერტი ფლორენციაში, წმინდა ნინოს სამრევლოში ჩატარდა, რომელშიც ანსამბლი „რუსთავი" და იტალიაში მცხოვრბეი ქართველები მონაწილეობდნენ. იმთავითვე გადაწყდა, რომ შემოსული თანხით დევნილ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს დავეხმარებოდით. ბავშვები კი მძიმე დაავადების მიხედვით შეირჩა."
დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტისა და მრევლის ხელშეწყობითა და თანადგომით დევნილი ბავშვებმა დახმარება არაერთხელ მიიღეს და მსგავსი ქველმოქმედება გაგრძელდება.