სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში ხვალ, 2 დეკემბერს, 14.00 საათზე მოეწყობა ღონისძიება: „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული". საღამოზე თბილისის #55 საჯარო სკოლის უმცროსკლასელთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
საქველოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა, სათამაშოები და სხვა ნივთები გადაეცემა არასამთოვრობო ორგანიზაციას - ,,მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის" და მოხმარდება შეჭირვებული ოჯახების ინვალიდი ბავშვებისათვის მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენას.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი ამ აქციით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდი ეხმაურება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს.
ღონისძიების ორგანიზატორია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი, არასამთოვრობო ორგანიზაცია - ,,მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის".
აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის საერთაშორისო ფონდში, პროექტის - „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული" - ფარგლებში რეგულარულად ეწყობა გამოფენები, რომელშიც მონაწილეობენ თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის უმცროსკლასელები.