დღეს, გორის რაიონის სოფელ ქერეში, ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის "ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება და იძულებით გადაადგილებული პირების მხარდაჭერა". აღნიშნულ პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. პრეზენტაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორი სტეფან ჰაიკინი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
პროექტი 2008 წლის ომის შედეგად დაზარალებული სოფლებისა და მოსახლეობისთვის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის, სარწყავი-საირიგაციო სისტემებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში, ტირიფონისა და სალთვისის სარწყავი სისტემების 100კმ არხის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელიც გორსა და კასპში, 20 ათას ჰექტრამდე მიწის მორწყვას უზრუნველყოფს. შეერთებული შტატების მთავრობის დახმარებით განხორციელებული პროექტის ფარგლებში, საირიგაციო სისტემები შეკეთდება, რომლითაც 10 ათასზე მეტი ფერმერი ისარგებლებს. აქამდე, წყლის არასაკმარისი რესურსის გამო, გლეხებს მიწების სრულყოფილი დამუშავება უჭირდათ. ირიგაციის პროექტი აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს 20,6 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის ნაწილია, რომლის მიზანია, 2008 წლის კონფლიქტისა და ეკონომიკური კრიზისის შედეგად დაზარალებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-განვითარება.