დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ, ირანში საკუთარი დიპლომატიური მისიის ყველა თანამშრომლის ევაკუაციის შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება დიდმა ბრიტანეთმა მას შემდეგ მიიღო, რაც ირანელმა სტუდენტებმა თეირანში დიდი ბრიტანეთის საელჩო დაარბიეს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ამ ქმედებებს „აღმაშფოთებელი და უპატიებელი" უწოდა.
აშშ-მ და ევროკავშირმა ირანის დედაქალაქში მომხდარი ფაქტი დაგმეს.
შეგახსენებთ, რომ ირანში ბრიტანეთის საელჩოში შეჭრილ სტუდენტებსა და პოლიციის დანაყოფებს შორის შეტაკება მოხდა. არიან დაშავებულები. ცნობილი ხდება, რომ ირანის პოლიციამ სტუდენტების მიერ დიპლომატიურ წამომადგენლობაში დატყვევებული ექვსი მძევლის გათავისუფლება შეძლო.
სტუდენტების მიერ განხორციელებული პირველი შეტევის შემდეგ ირანის პოლიციამ შენობაში შეჭრილი სტუდენტები გამოდევნა, თუმცა სტუდენტებმა განახლებული იერიშის შემდეგ მაინც მოახერხეს საელჩოს შენობაში შეჭრა.
ირანში მდებარე ბრიტანეთის საელჩოში სტუდენტები შეიჭრნენ სკანდირებით: "სიკვდილი ინგლისს!"
რამდენიმე დღის წინ ირანის პარლამენტმა ქვეყანაში დიდი ბრიტანეთის დიპლომატიური მისიის დონე დასწია. აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც ლონდონმა, ვაშინგტონმა და ოტავამ ირანის ბირთვული პროგრამაში სამხედრო შემადგენლის აღმოჩენის გამო თეირანს სანქციები გაუმკაცრეს.
ირანის პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პარლამენტარები ოვაციებით შეხვდნენ, ისინი სკანდირებდნენ - "სიკვდილი ინგლისს!"