"მომავალი თვეების განმავლობაში უნდა დავიწყოთ საგზაო ტრასის მშენებლობა, რომელიც შეაერთებს ბათუმსა და ნინოწმინდას. ეს იმის შესაძლებლობას მოგვცემს, რომ საქართველოს პორტებისკენ სწრაფად გაიზარდოს სატრანსპორტო ნაკადი", - ამის შესახებ ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა განაცხადა.
მისი თქმით, სომხეთში უკვე იციან, თუ რას ნიშნავს საქართველოსთვის გზები, რომლებიც ევროპულ სტრანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.
"ვფიქრობ, სომხეთის მოქალაქეებიც გახდებიან ინფრასტრუქტურის სწრაფი განვითარების მომსწრენი. ჩვენ ასევე გვსურს, ენერგეტიკული კავშირებისა და რესურსების სინქრონიზირება მოვახდინოთ. სომხეთი და საქართველო თანამშრომლობას ძმური ურთიერთობის საფუძველზე აგებენ და რასაკვირველია, ყოველივე ეს იმისთვის კეთდება, რომ ჩვენი ხალხის ცხოვრება გაცილებით უფრო უსაფრთხო გახდეს. ამან შესაძლებლობა უნდა მოგვცეს, გავუმკლავდეთ იმ გამოწვევებსა და საფრთხეებს, რომელთა წინაშე მთელი რეგიონი დგას. ამ მიმართულებით, ვცდილობთ, პრაქტიკული ნაბიჯები გადავდგათ", - აღნიშნა სარგსიანმა.