"ყველა კონფლიქტი, რომელიც არსებობს კავკასიაში თავს არის მოხვეული იმპერიული ძალის მიერ რომლის მთავარი პრინციპია "გათიშე და იბატონე" და კავკასიის ყველა ქვეყნის და ყველა ხალხის ინტერესებში შედის კავკასიის გაერთიანება, კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის და პერსპექტივაში ერთიანი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნა", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან სერჟ სარგსიანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"ჩვენი კონცეფცია, რა თქმა უნდა, ეფუძნება ერთიანი კავკასიის კონცეფციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა კონფლიქტი რომელიც არსებობს კავკასიაში თავს არის მოხვეული იმპერიული ძალის მიერ რომლის მთავარი პრინციპია "გათიშე და იბატონე" და კავკასიის ყველა ქვეყნის და ყველა ხალხის ინტერესებში შედის კავკასიის გაერთიანება კავკასიის ერთიანი ეკონომიკური სივრცის და პერსპექტივაში ერთიანი პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნა. ეს აუცილებლად განხორციელდება. ამას ალტერნატივა ჩვენი ხალხებისათვის და ჩვენი პატარა ქვეყნებისათვის ნამდვილად არ აქვს", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ეს კავკასიის უკლებლივ ყველა ქვეყანას ეხება.
"ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ის კონფლიქტები, რომლებიც ხელოვნურად იყო თავს მოხვეული ჩვენი ქვეყნებისათვის ადრე თუ გვიან გადაწყდება და მე ვფიქრობ, რომ ეს იმაზე ბევრად უფრო ადრე მოხდება ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. რაც უფრო ნაკლები იქნება ჩარევა გარედან მით უფრო მეტად შევძლებთ ჩვენ საერთო ენის გამონახვას და მით უფრო ჩქარა შევძლებთ ინტეგრირებას საერთო ევროპულ სივრცეში", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.