"საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობები უახლესი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა არასდროს ასეთ მაღალ დონეზე როგორც ახლა არის ჩვენს ორ ქვეყანასა და ჩვენს ორ ხალხს შორის", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სომხეთის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
"მე განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი ხალხებს შორის ურთიერთობებს იმიტომ, რომ ასეთი ინტენსიური კონტაქტები მე ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არ ყოფილა არც საბჭოთა იმპერიის პირობებში არც ნებისმიერ სხვა ეპოქაში", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ "მარტო ის რად ღირს, რომ წელს 600 ათასი სომხეთის მოქალაქე გადაკვეთავს საქართველო-სომხეთის საზღვარს და ეწვევა საქართველოს".
" ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ნაწილი სომხეთის მოსახლეობის რეგულარულად დადის ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ძალიან სერიოზული ნაბიჯები გადავდგით ბევრი რაღაცის გამარტივებისკენ. მინდა ვთქვა, რომ ჩვენი მეგობრობა ასევე გამოცდილია დროით, იმიტომ, რომ მე არასდროს დამავიწყდება ჩემი ვიზიტი ერევანში ამ ორი წლის წინ. უახლოეს ახლობლობაში 2008 წლის ომის შემდეგ რამდენიმე თვეში როდესაც სომხეთმა ძალიან მაღალი დონის მიღება მოაწყო და ძალიან დიდი მორალური მხარდაჭერა აღმოუჩინა საქართველოს", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.