საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის საჯარო კომისიის ხელმძღვანელის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, პარლამენტის აპარატის დღეს მოქმედი რაოდენობის არც შემცირებაზე და არც გაზრდაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ეს განცხადება კუბლაშვილმა დღეს გამართულ შეხვედრაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მომავალი პარლამენტის აპარატის რაოდენობის საკითხით დაინტერესდნენ. კერძოდ, საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ "კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდებს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე".
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, 190-წევრიანი პარლამენტის შემთხვევაში პარლამენტის აპარატის წევრთა რაოდენობა გაიზრდება თუ არა, რაზედაც კუბლაშვილმა განმარტა, რომ ახალ პარლამენტს რა ხარჯები დასჭირდება, ეს მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვის დროს გამოჩნდება.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების განხილვა პარლამენტში 20 დეკემბრიდან დაიწყება.