რუსეთში დანიშნული მომავალი არჩევნები ფარსია, ვლადიმერ პუტინი ქედმაღალია, დიმიტრი მედვედევი კი შეუმდგარი, - ეს განცხადება "Der Spiegel"-სთან საუბარში რუსმა ოპოზიციონერმა ბორის ნემცოვმა გააკეთა.
"ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რუსეთში მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის - ის შეიძლება მოკლან, დაიჭირონ - ისევე როგორც მე გასულ წელს და თუკი დემოკრატიულ ქვეყნებში ოპოზიცია პარლამენტში ზის, ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებში როგორიც რუსეთია მის იზოლირებას ცდილობენ", _ აცხადებს ნემცოვი.
მისი თქმით, ის და მისი თანამებრძოლები მოუწოდებენ რუს ამომრჩევლებს, წავიდნენ არჩევნებზე და გააფუჭონ ბიულეტენები - იმისათვის, რომ "ქურდების ხელისუფლებამ იცოდეს, რომ ხალხს იგი არ უნდა".
"პუტინს მთელი ცხოვრება ხელისუფლებაში ყოფნა სურს. ეს კი რუსეთისათვის სტაგნაციას ნიშნავს - წარსულში დაბრუნებასა და მარგინალიზაციას. ოპტიმისტებს სჯერათ, რომ პუტინი ხელისუფლებაში 2024 წლამდე იქნება, პესიმისტები აცხადებენ, რომ იგი ხელისუფლებაში 2036 წლამდე იქნება. დასავლეთმა კი უნდა გაიაზროს ის, რომ რაც უფრო მჭიდრო იქნება მისი მეგობრობა პუტინთან, მით უფრო მეტი პრობლემა ექნება მას", _ აცხადებს ნემცოვი.
ოპოზიციონერი ასევე აცხადებს, რომ ევროპამ არჩევანი უნდა გააკეთოს მისთვის ძვირფას ფასეულობებსა და გაზს შორის.
"გერმანიისათვის, საფრანგეთისა და იტალიისთვის, როგორც ჩანს, გაზი ადამიანის უფლებებზე უფრო ფასეულია და ეს იმის მიუხედავად ხდება, ანგელა მერკელი გულში სულ სხვა რამეს რომ ფიქრობდეს. მე არავის მოვუწოდებ, ქვეყნის წინააღმდეგ სანქციები დააწესოს, მაგრამ დასავლეთმა ზომები უნდა მიიღოს მათ წინააღმდეგ, ვინც ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაზეა პასუხისმგებელი", _ აცხადებს ნემცოვი და დასძენს, რომ მისდა სამწუხაროდ, ევროპას რუსეთის მიმართ მკაფიო პოლიტიკა არ გააჩნია. "პუტინი კი ამით კარგად სარგებლობს", _ აცხადებს პოლიტიკოსი.
პარტია "ედინაია როსიას" ყრილობაზე საუბრისას, რომელსაც პუტინი პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს, ნემცოვმა განაცხადა, რომ იგი გაოგნდა იმ ქედმაღლური დამოკიდებულებით, რომელიც იქ სუფევდა.
"ორმა ადამიანმა ყველაფერი გადაწყვიტა ხალხისა და უზარმაზარი ქვეყნის ნაცვლად. მმართველი პარტიის მომხრეები კი ყოველივე ამას აღტაცებით მიესალმნენ, როგორც სტალინურ დროში და ტაშს უკრავდნენ ყველაფერს, რაც კი ესმოდათ. ეს მლიქვნელობაა - ადამიანური ღირსების ხელყობამ მართლაც გამაოგნა - რუსეთის ფედერაციაში დე-ფაქტო არჩევნები იმ დღეს გაიმართა", _ აცხადებს ნემცოვი და აღნიშნავს, რომ მედვედევი რუსეთის მმართველთაგან ყველაზე სისტი აღმოჩნდა.
"იგი პრემიერის რანგშიც მხოლოდ პირველ კრიზისამდე მიაღწევს. პუტინი კი კარგი ფსიქოლოგია. ოთხი წლის წინ მან უბრალოდ აარჩია ყველაზე ლოიალური და სუსტი პოლიტიკოსი, რათა მას, უბრალოდ, დაეკავებინა ადგილი მის დაბრუნებამდე", _ აცხადებს ნემცოვი.