"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე შექმნილი საორგანიზაციო კომისია პროტესტის ნიშნად დატოვა.
საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი დღეს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
საკონსტიტუციო ცვლილებები დეპუტატთა რაოდენობის 150-iდან 190-მდე გაზრდას შეეხება.
დეპუტატებიდან შეხვედრას მხოლოდ ოპოზიციონერი ჯონდი ბაღათურია ესწრებოდა. მან უპასუხისმგებლობა და უპატივცემულობა უწოდა იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას მხოლოდ პავლე კუბლაშვილი ესწრებოდა და უმცირესობისა და უმრავლესობის სხვა წევრები, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები იყვნენ, შეხვედრაზე არ მივიდნენ.
ბაღათურია კუბლაშვილს არც იმაში დაეთანხმა, რომ 2003 წელს რეფერენდუმი კანონის დარღვევით ჩატარდა.
"8 წელი გავიდა 2003 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, 8 წლის შემდეგ არ აღიარებთ ამ შედეგებს? თუ შედეგები უკანონო იყო, ეს პარლამენტი რატომ არის 150-წევრიანი? თუ რეფერენდუმის შედეგები ანტიკონსტიტუციური იყო, მაშინ ამ პარლამენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება უკანონოა", - განაცხადა ბაღათურიამ.
მისი თქმით, იგი საორგანიზაციო კომისიაში ერთადერთი წევრია, რომელიც ამ ცვლილებებს არ ეთანხმება.
"ჩემი მუშაობის გაგრძელება ამ კომისიაში უადგილოა, ამიტომ ვემიჯნები მას და ვტოვებ კომისიას", - განაცხადა ბაღათურიამ.