"იმის გამო, რომ მოსკოვის მიერ პრო-ს საკითხზე გაკეთებულ განცხადებაზე ნატოს რეაქცია არ არსებობს, რუსეთმა, შესაძლოა, ალიანსთან სხვა მიმართულებებით თანამშრომლობას გადახედოს, მათ შორის ავღანეთის მიმართულებით", - ეს განცხადება ნატოში რუსეთის ფედერაციის მუდმივმა წარმომადგენელმა დიმიტრი როგოზინმა გააკეთა.
"თუ ჩვენს პარტნიორებს რეაგირება არ ექნებათ განცხადებებზე, ჩვენ მოგვიწევს ჩვენს პარტინიორებთან სხვა მიმართულების საკითხებს შევეხოთ. მათ შორის საუბარი შესაძლოა ეხებოდეს ავღანეთთან დაკავშირებულ თანამშრომლობას", _ განაცხადა როგოზინმა დღეს მოსკოვში.
მისი თქმით, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტისას "უნდა იფიქრო გლობალურად, ისევე როგორც ჩვენი პარტნიორები ფიქრობენ". როგოზინის თქმით, რუსეთის პატივისცემას დაიწყებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორები დაინახავენ, რომ იგი ზესახელმწიფოა, რომელსაც ძალუძს ადეკვატურად უპასუხოს მის წინაშე მდგარ საფრთხეებს.