სომხეთს იმედი აქვს, რომ სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რომლისკენაც პირველი ნაბიჯები 2008 წელს გადაიდგა, 2009 წელსაც გაგრძელდება.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის სამმართველოს ხელმძღვანელის, ტიგრან ბალაიანის განცხადებით, 6 სექტემბერს გამართული სომხეთის და თურქეთის პრეზიდენტების, სერჟ სარქესიანის და აბდულა გიულის შეხვედრა, ხოლო შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა კონსტრუქციულად წარიმართა და სომხურ მხარეს იმედი აქვს, რომ ეს პოზიტიური ტენდენციები 2009 წელსაც გაგრძელდება.
ბალაიანმა ასევე აღნიშნა, რომ უახლოეს ხანებში რაიმე შეხვედრის გამართვის შესახებ შეთანხმება არ არსებობს.
შეგახსენებთ, თურქეთის პრეზიდენტი აბდულა გიული ერევანში სომეხი კოლეგის მიწვევით, სომხეთის და თურქეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრებების მატჩზე დასასწრებად ჩავიდა, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ფარგლებში გაიმართა.
სომხეთში ვიზიტისას გიულმა სომეხი კოლეგა, სერჟ სარქისიანი თურქეთში, საპასუხო მატჩზე დასასწრებად მიიწვია, რომელიც 2009 წლის 14 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები