დენვერში აბსტრაქციული ექსპრესიონიზმის ერთ-ერთი უდიდესი წარმომადგენლის, კლიფორდ სტილის მუზეუმი გაიხსნა. როგორც The Los Angeles Times-ი აღნიშნავს, მუზეუმი ერთი ავტორის ნამუშევართა თავმოყრის შესანიშნავი მაგალითია. ამერიკულ მუზეუმში მხატვრის არსებულ ნამუშევართა 94 %-ია გამოფენილი. მხატვარს არ სურდა საკუთარ ნახატებთან დამშვიდობება და ინახავდა მათ.
2004-2005 წლებში სტილის ქვრივმა კოლექცია საჩუქრად გადასცა დენვერს, სადაც მუზეუმის აგება გადაწყდა.
მხატვრის, რომელიც 1980 წელს გარდაიცვალა, უკანასკნელი ნების მიხედვით, არ უნდა მომხდარიყო მისი ნახატების გამოფენა, გაყიდვა ან გაცვლა, იმ დრომდე ვიდრე რომელიმე ამერიკული ქალაქი არ გადაწყვეტდა ცალკე აეშენებინა მუზეუმი მისი ნამუშევრებისთვის.
გავრცელებული ინფორმაციით, სტილის ქვრივმა დენვერი მას შემდეგ აირჩია, რაც დაახლოებით 20 სხვადასხვა წინადადებაზე უარი განაცხადა, კერძოდ ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის შემოთავაზებაზე.
კლიფორდ სტილს ყოველთვის სურდა, რომ მისი ნახატები ერთად შენახულიყო. "ჩემი ნამუშევრები - ეს სიმფონიაა, სადაც თითოეულ ნახატს საკუთარი პარტი აქვს", - ამბობდა მხატვარი. მიუხედავად ამისა, ცნობილია, რომ მან ცხოვრების ბოლო წელს მისი ერთი ნახატი გაყიდა. გარდა ამისა, კოლექციიდან ოთხი ნახატი დევნერის მუზეუმმა მაინც გამოიტანა აუქციონზე, რაც ახსნა იმით, რომ ის მხატვრის ქვრივს ეკუთვნოდა. ოთხიდან ერთი სურათი 1949-A-No.1" 9 ნოემბერს Sotheby's აუქციონზე 61,7 მილიონ დოლარად გაიყიდა, რითაც სტილის სურათებზე სარეკორდო ფასი დაამყარა.
მუზეუმის ფართი, რომლის მშენებლობაზე დაახლოებით 29 მილიონი დოლარი დაიხარჯა 2 ათას კვ/მ. შეადგენს.
კლიფორდ სტილმა 76 წელიწადს იცოცხლა, მან სახელი 1945 წელს გაითქვა, როცა პეგი გუგენჰაიმის გალერეაში მისი პირველი პერსონალური გამოფენა გაიმართა. მის შემოქმედებაში შეიძლება აღმოვაჩინოთ საერთო მსგავსება მარკ როტკოს და ბარტენ ნიუმენის ნამუშევრებთან, თუმცა სტილმა განსაკუთრებული მხატვრული სტილი შექმნა.