ჩრდილოეთ კავკასიის სოციალ-ეკონომიკური მოდერნიზაცია, როგორც ჩანს, სრულიად შეჩერდა. სამაგიეროდ, ამ რეგიონში ჯარის მასშტაბური გადაიარაღება მიდის, ფედერალური პროგრამის მიღება, კი რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის განვითარებას უნდა მოხმარებოდა და მიმდინარე წელს იყო დანიშნული სულ მცირე 2012 წლის მაისამდე გადაიდო.
ინფორმაციას ამის შესახებ "ნეზავისიმაის გაზეტა" ჩრდილო კავკასიის ფედერალურ ოლქში პრეზიდენტის რწმუნებულზე ალექსანდრე ხლოპონინზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, მოარული ხმები ჩრდილო კავკასის სოციალ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის ირგვლივ შექმნილი პრობლემების შესახებ ადრეც დადიოდა და პრეზიდენტის რწმუნებულმა ისინი საბოლოოდ დაადასტურა.
"კიდევ უფრო კარგად და მარტივად ახსნა ეს გამოცემასთან საუბარში მთავრობაში არსებულმა წყარომ.
მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრომ მიუღებლად მიიჩნია ჩრდილო კავკასიის განვითარების პროექტისათვის ამჟამად გამოსაყოფი თანხა 2,6 ტრილიონი რუბლის ოდენობით, პროექტის საერთო ღირებულება კი 4 ტრილიონი რუბლის ტოლია", _ წერს გაზეთი და აღნიშნავს, რომ ამავე დროს სამხრეთ სამხედრო ოლქის გადაიარაღებისათვის 2020 წლამდე იგეგმება 5 მილიარდზე მეტი რუბლის დახარჯვა.
"სამხედრო ნაწილების მასშტაბური გადაიარაღება რეგიონში უკვე ახლა მიმდინარეობს და მაშინ როდესაც რუსულ არმიაში ახალი ტიპის შეიარაღების პროცენტული მაჩვენებელი 10-20 % შეადგენს სამხრეთ ფედერალურ ოლქში არსებულ სამხედრო ნაწილებში ეს მაჩვენებელი 70 % მდე აღწევს. ამას გარდა, მიმდინარე თვის, ნოემბრის ბოლომდე 58-ე არმიის შეაიაღებას ახალი ჯავშანტრანსპორტიორები (БТР-82А), მოდერნიზებული ტანკები (Т-72Б), ახალი ტანკები (Т-90А) ასევე საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეემატება, უახლოეს წლებში კი - ახალი ვერტმფრენები და საბრძოლო ვერტფრენები", - იუწყება გამოცემა.