რესპუბლიკური პარტია უერთდება ქართული პრესის წარმომადგნელების მიერ გავრცელებულ განცხადებებს და პროტესტს გამოთქვამს თბილისის მერიის მხრიდან პრესის გავრცელების ჯიხურების აღების გადაწყვეტილების შესახებ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "რესპუბლიკური პარტიიდან" აცნობეს.
პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, თბილისში მერიის მიერ ჯიხურების განთავსების შესახებ რამდნეიმე კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთის მხრივ პრესაზე და მეორეს მხრივ მცირე ბიზნესზე, მორიგი შეტევის ინსტრუმენტი აღმოჩნდა.
"რესპუბლიკელები, პირველივე დღიდან ვეწინააღმდეგებოდით აღნიშნულ გადაწყვეტილებას, ვინაიდან ეს უკანასკნელი, ამ სფეროს მონოპოლიზაციას და მცირე ბიზნესის განდევნას ემსახურება მიზნად. ამასთანავე, მოვითხოვთ თბილისის მერიამ საჯაროდ გამოაქვეყნოს უკვე ჩატარებული აუქციონების არა მხოლოდ სტატისტიკური შედეგები, არამედ კონკრეტული ინფორმაცია კომპანიებისა და ფიზიკური პირების შესახებ, რომელთაც მიენიჭა დედაქალაქის ტერიტორიაზე ჯიხურების დადგმის მრავალწლიანი უფლება.
გადაწყვეტილების მიმღებთათვის სრულიად ნათელია, რომ პრესის გავრცელების ჯიხურები ვერასოდეს მოახერხებს რეალური კონკურენცია გაუწიოს სურსათის, თამბაქოს ან ლატარიის კომპანიებს. ყველასათვის ცნობილია, რომ ამ სეგმენტში "განსაკუთრებული" ადგილი დავით კეზერაშვილის კომპანიას უკავია და ბაზარზე დღეს მოქმედი სხვა ფირმების განდევნით, ხელისუფლება სწორედ მის კომპანიას უტოვებს მონოპოლიურ მდგომარეობას", - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მოტივით, დედაქალაქში 1000 ჯიხურის განთავსებაზე ინტერნეტაუქციონი გამოაცხადა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მერიის მიერ სავაჭრო ჯიხურების დადგმაზე აუქციონი ძირითადად სწორედ იმ ადგილებზეა გამოცხადებული, სადაც უკვე დგას პრესის გამავრცელებელი ჯიხურები.