დღეს თბილისის საკრებულოს ქრისტიან-დემოკრატმა წევრმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრესკონფერენცია გამართა, რომლის თემა პრესის გავრცელების ჯიხურები იყო.
ზაზა გაბუნიას თქმით, მერიამ ორი დღის ვადა დაუწესა "პლანეტა-ფორტეს" და "მაცნეს" ჯიხურების მფლობელებს რათა მათ თავად უზრუნველყონ ჯიხურების განთავსების ადგილებიდან მათი აღება.
"ჩვენ პროექტის "1000 ახალი ჯიხურის" ფარგლებში გამართული ტენდერის პირობების პრესის გამომცემელთა და გამავრცელებელთათვის გამარტივებას და შეღავათების დაწესებას მოვითხოვდით, პირობების გამარტივებისა და პრესისთვის ხელშეწყობის ნაცვლად კი მერიამ კიდევ უფრო დაუმძიმა მდგომარეობა გამომცემლებსა და გამავრცელებლებს და უკვე არსებული ჯიხურების აღება და შესაბამისად მათი მეშვეობით საქმიანობის ლიკვიდაცია მოთხოვა", განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
ქრისტიან-დემოკრატები მერიისგან მოითხოვენ 1000 ჯიხურიდან 100 პირდაპირი წესით გადაეცეს პრესის გამომცემლებსა და გამავრცელებლებს, რაც იქნება კარგი პრეცედენტი ბეჭდური მედიის განვითარებისა და მხარდაჭერის ხელშეწყობისათვის. ამასთან, ქრისტიან-დემოკრატები აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ მომავალ კვირაში ფრაქციის სხდომაზე იბარებენ მერის მოადგილეს გიორგი ცხაკაიას.
გაბუნია აცხადებს, რომ თუ თბილისის მერია არ გადახედავს საკუთარ გადაწყვეტილებას პრესის გავრცელების ადგილებთან დაკავშირებით, მაშინ მისი ქმედება ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად შეფასდება როგორც თავისუფალი სიტყვისა და პრესის წინააღმდეგ გადადგმულ მიზანმიმართულ ნაბიჯად.