ვაშინგტონი არ ტოვებს იმედს იმისა, რომ რუსეთთან შეთანხმება ევროპაში "პრო"-ს განთავსების საკითხში მიღწეული იქნება. რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ხისტი განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ თუ აშშ არ გადახედავს თავის პოზიციას და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გაჩნდება, მოსკოვი დაუყოვნებლივ შეიყვანს საბრძოლო რიგებში რადიოლოკაციურ სადგურს, რომელიც სარაკეტო თავდასხმის შესახებ გაფრთხილებას იძლევა. სადგური ქალაქ კალინინგრადში იმყოფება". მედვედევი ასევე დაემუქრა აშშ-ს ბალისტიკური რაკეტებით. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამავდროულად, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრემდივანმა მარკ ტონერმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ამერიკული "პრო"-ს სისტემა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ იქნება.
"ევროპაში "პრო"-ს განთავსების საკითხში ჩვენ რუსეთთან გულწრფელნი და ღია ვიყავით. ჩვენი განზრახვა - ეს ჩვენი ევროპელი მოკავშირეების დაცვაა ირანის მხრიდან მომდინარე საფრთხისგან. რუსეთს არ აქვს იოტისოდენა მიზეზიც ი სამხედრო ხასიათის ზომები მიიღოს, იმიტომ, რომ "პრო"-ს სისტემა რუსეთსა და აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიულ ბალანსზე გავლენას არ მოახდენს", _ განაცხადა ტონერმა.
ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტის პრემდივანმა ასევე სინანულით აღნიშნა, რომ ვაშინგტონის მცდელობების მიუხედავად ჩართოს მოსკოვი დიალოგში კრემლის რიტორიკა არ იცვლება.
"არ მიმაჩნია, რომ კვლავაც და კვლავაც საჭირო იყოს იმის გამეორება, რომ "პრო"-ს სისტემა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ რუსეთის წინააღმდეგ მიმართული არ არის", _ აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი ჯონ კირბი.
თეთრი სახლის წარმომადგენელი ტომმი ვაიტორი კი აცხადებს, რომ აშ ვერ ხედავს ვერავითარ მიზეზს თავის განზრახვაზე აიღოს ხელი.
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მიიჩნევს, რომ მოსკოვის რიტორიკა - ეს უკან, ცივი ომის დროში დაბრუნებისკენ გადადგმული ნაბიჯია. მისივე თქმით, იგი იმედგაცრუებულია მოსკოვის მუქარებით.
რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ რუსეთი ვერ ენდობა დასავლეთის ზეპირ დაპირებებს, რომ ეს სისტემა მის წინააღმდეგ მიმართული არ არის. მედევდევი ასევე აცხადებს, რომ რამდენჯერაც მან სთხოვა დასავლეთს თავისი დაპირება წერილობით დაეფიქსირებინა, დასავლელი პარტნიორებისგან კატეგორიული უარი მიიღო.
ნატოში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის დიმიტრი როგოზინის განცხადებით, კრემლი გორბაჩოვის მსგავსად ვერ მოიქცევა და დაასვლეთის ზეპირ დაპირებებს ვერ ენდობა.