აშშ-ს სახელმწიფო მდივანის კონდოლიზა რაისის სამუშაო გრაფიკის შეცვლის გამო, რომელიც ახლო აღმოსავლეთში ვიზიტით მიემგზავრება, აშშ–საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერა გადაიდო, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 2 იანვარს გავცელებულ განცხადებაში.
კონდოლიზა რაისის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მიერ ქარტიის ხელმოწერა ვაშინგტონში თავდაპირველად 4 იანვრს იგეგმებოდა.
საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტის ხელმოწერა „უახლოეს დღეებში“ მოხდება, თუმცა კონკრეტული თარიღი მითითებული არ არის.
„დოკუმენტი ითვალისწინებს ორ სახელმწიფოს შორის პატრნიორობის გაღრმავებასა და თანამშრომლობის გაფართოებას თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ენერგეტიკის, დემოკრატიული რეფორმების, დიპლომატიისა და კულტურის სფეროებში,“ აღნიშნულია საგარეო უწყების განცხადებაში.
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ხელშეკრულება იმ ქარტიის მსგავსი იქნება რომელიც ვაშინგტონსა და კიევს შორის დეკემბერში უკვე გაფორმდა.