ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ რუსეთის საპლანეტაშორისო სადგურ "ფობოს-გრუნტთან" კავშირი დაამყარა.
ინფორმაციას ამის შესახებ ევროპის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს. მისმა ხელმძღვანელმა რუსეთში რენე მიშელმა აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა.
"ეს პროცესის დასაწყისია. ტელემეტრები ჯერ მიღებული არ არის და ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ რუს კოლეგებთან", - განაცხადა რენე მიშელმა.
როსკოსმოსის ხელმძღვანელი ვიტალი დავიდოვი აცხადებდა, რომ საპლანეტთაშორისო სადგურ "ფობოს-გრუნტის" გადარჩენის შანსები ფაქტობრივად არ არსებობს და მისი ნამსხვრევები დედამიწაზე დეკემბრიდან თებერვლის პერიოდში ჩამოვარდებოდა.
შეგახსენებთ, რომ "ფობოს-გრუნტი" კოსმოსში 9 ნოემბერს გაუშვეს და მასთან კავშირი შეწყდა.
ამ ხნის განმავლობაში როსკოსმოსი, ევროპის კოსმოსური სააგენტო და ამერიკის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად ცდილობდნენ სადგურის გადარჩენას.
"ფობოს-გრუნტი" განკუთვნილი იყო დედამიწაზე მარსიდან გრუნტის ჩამოსატანად. ასევე მისი მეშვეობით უნდა ჩატარებულიყო რამდნიმე სამეცნიერო კვლევა დისტანციური მეთოდით.