საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმიანა. სააკაშვილის თქმით, ზოგიერთი უთავმოყვარეო, მონობას შეჩვეული პოლიტიკოსის თვალსაზრისით, საქართველოს ერთადერთი მომავალი არის მოსკოვში.
"იმ მოსკოვში, რომელმაც გუშინ აღიარა, რომ ომი თურმე იმიტომ განახორციელა, რომ არ დაეშვა ნატო-ს გაფართოება ჩვენი საზღვრებისკენ და რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან. ნატო ჩვენი იდეაფიქსი კი არ არის ზოგადად, ეს არის ქართველი ერის ისტორიული ინსტინქტი, იყოს იმ ძლიერ გაერთიანებაში, რომელიც უზრუნველყოფს გრძელვადიანად საქართველოს განვითარებას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საზღვრების ხელშეუხებლობას, საქართველოს ხალხის დაცულ მომავალს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ქუთაისის ცენტრი, რომელსაც მისი მთავრობა ახლა აშენებს, იყო რუსული "სალდატების" კონცენტრაციის ადგილი.
"აქ იყო ყაზარმები, სადაც ფენდნენ თავიანთ ბინძურ საცვლებს ყველას დასანახად. ამ ბინძური საცვლების ლოკვა მოენატრა ზოგიერთ პოლიტიკოსს. თუმცა ეს არ არის ქართველი ხალხის სურვილი. ჩვენ გვინდა წავიდეთ იქ, სადაც ჩვენი მომავალი იქნება დაცული. კონდოლიზა რაისმა დაადასტურა ის, რაც ვიცოდით, რომ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებას პიროვნულად ეზიზღება ქართველები და საქართველო. ამას გამოხატავდნენ ყველანარიად. სააკაშვილიც ეზიზღებოდათ, შევარდნაძეც ეზიზღებოდათ, შემდეგი პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრის შეზიზღდებდათ. ეს არის მათი იმპერიული ზრახვებიდან გამომდინარე ინსტინქტი", - განაცხადა პრეზიდენტმა.