Standard&Poor's-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი აუმაღლა. ამის შესახებ ქუთაისის მთავრობის სახლში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"მსოფლიოში ორად ორ ქვეყანას აუმაღლდა საკრედიტო რეიტინგი. ეს არის ყაზახეთ, რომელსაც აქვს ბევრი ნავთობი და მეორე არის საქართველო. ეს რეიტინგი ეფუძნება ორ მონაცემს: შიდამაკროეკონომიკურ სტაბილურობას და პოლიტიკურ სტაბილურობას. წარმოიდგინეთ, რა პოლიტიკური სტაბილურობა აქვს საქართველოს", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საკრედიტო რეიტინგის გაზრდით, საქართველომ შეუძლებელი მოახერხა.
"პუტინს ეგონა, რომ საქართველოში აღარავინ ფულს არ ჩადებდა, არავინ აქ არ ჩამოვიდოდა. არავინ აქეთ არ გამოიხედავდა. რუსეთი აპირებს ჩვენი მთავრობის დამხობას. ეშმაკს გაურიგდება, ოღონდ ეს გააკეთოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ და რუსეთი არ აღიარებს იმ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებასაც კი, რომელზედაც თვითონ მოაწერეს ხელი. ამ პირობებში საკრედიტო რეიტინგის ამაღლება ნიშნავს იმას, რომ საქართველომ გადალახა ის, რასაც სხვა ვერავინ გადალახავდა. საქართველომ შეუძლებელი მოახერხა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ბანკები უფრო ადვილად აიღებენ კრედიტებს, ჩვენ შიგნითაც თანდათან შემცირდება საკრედიტო განაკვეთები", - აღნიშნა პრეზიდენტმა.