საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 21 ნოემბერს, ქ. ვლადიკავკაზსში 58-ე არმიის ოფიცრებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება.
„მედვედევმა კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად შეწყდა ნატო-ს რიგებში საქართველოს და რიგი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების „მიღების პროცესი". აღსანიშნავია, რომ რუსეთის სხვა ოფიციალური პირებიც, ყველა დონეზე, სულ უფრო ხშირად აკეთებენ განცხადებებებს, რომ 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებეული ღია სამხედრო აგრესიის მიზეზს წარმოადგენდა სწორედ გეოპოლიტიკური ფაქტორები, კერძოდ ნატო-ს გაფართოების შეჩერება. ხოლო ბოლო პერიოდში რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად მიიჩნევა ის, რომ დღეს „საქართველო ნატო-ს წევრი ქვეყანა არ არის"", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, მედვედევის აღიარებამდეც არავითარ ეჭვს არ იწვევდა თუ ვინ, რატომ და რა მიზნების მისაღწევად დაიწყო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი.
„კრემლის ამჟამინდელი ბინადარის აღნიშნული განცხადების შემდეგ სრულიად აშკარაა, რომ 1990-იანი წლებიდან სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკას და 2008 წლის აგვისტოს ომს ჰქონდათ და აქვთ კონკრეტული მიზნები - ცივილიზებულ სამყაროში, კერძოდ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციისათვის ხელის შეშლა, საქართველოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების დამხობა და მიმდინარე წარმატებული რეფორმების შეჩერება. ამასთანავე, რუსეთი მიზნად ისახავდა ე.წ. „პრივილეგირებული ინტერესების ზონის" დაკანონებას, სადემარკაციო ხაზის გავლებას დემოკრატიულ სამყაროსთან და ამ საკითხზე საკუთარი შეურიგებელი პოზიციის დემონსტრირებას", - იუწყება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
განცხადების თანახმად, უპრეცედენტო კორუფციასა და ტოტალიტარიზმში ჩაფლული რუსეთის დღევანდელ მესვეურთათვის ძალზე გამაღიზიანებელ და საშიშ ფენომენს წარმოადგენს საქართველოს, როგორც წარმატებული დემოკრატიისა და კანონიერებაზე დამყარებული სახელმწიფოებრივი აღმშენებელობის მაგალითი, ვინაიდან ასეთი მაგალითის არსებობა შეუძლებელს ხდის მათთვის დაუსაბუთონ საკუთარ მოსახლეობას იმ მახინჯი სახელმწიფოებრივი მოდელის აუცილებლობა, რომელსაც ისინი ქმნიან.
„სწორედ ამიტომაც არის რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება. თუმცა, კანონზომიერი ისტორიული პროცესების მსვლელობას და თავისუფლების მოყვარე ერების წადილს მედვედევები ვერ შეაჩერებენ. საქართველო აუცილებლად გააგრძელებს დემოკრატიულ აღმშენებლობას და წარმატებით დაასრულებს ცივილიზებულ სამყაროში ინტეგრაციის პროცესს", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.