ვისაც არ ესმის რატომ გადმოგვაქვს პარლამენტი, ის საერთოდ ვერ ხვდება საქართველოს მომავლის ლოგიკას. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა ქუთაისში, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გახსნისას განაცხადა.
პრეზიდენტმა ს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა ახალ შენობაში" 2012 წლის 26 მაისს ქუთაისში გაიმართება.
„საქართველოს პარლამენტი გადმოვა ქუთაისში, მთლიანად. ეს იქნება ერთადერთი ადგილი, სადაც იქნება საქართველოს პარლამენტი. მომავალი წლის 26 მაისს გაიხსნება საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომა ახალ შენობაში, რომელიც, იცით, რომ შენდება ავტოქარხნის დასახლებაში, ქუთაისში. პარლამენტის გადასვლა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქუთაისისთვის, არამედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი წყალტუბოსთვის, ბაღდადისთვის, ვანისთვის, ხონისთვის, უშუალოდ ქუთაისის გარშემო რეგიონებისთვის, ბუნებრივია, მთელი იმერეთისთვის, მთლიანად დასავლეთ საქართველოსთვის და რა თქმა უნდა, მთლიანად საქართველოსთვის", - განაცხადა სააკაშვილმა 22 ნოემბერს ქუთაისში ვიზიტის დროს.
„ქუთაისის ახალი ისტორია იწყება 21-ე საუკუნეში. ქუთაისი ხდება საქართველოს პოლიტიკური ადმინისტრაციული ცენტრი და საქართველოს მეორე დედაქალაქი. მე მინდა ყველა იმ მოღვაწეს, პოლიტიკოსს თუ არა პოლიტიკოსს ვუთხრა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე - მათ ვისაც არ ესმის ქუთაისის ისტორიული და პოლიტიკური მნიშვნელობა მათ საერთოდ არ ესმით საქართველო. მათ ვისაც არ ესმის რატომ გადმოგვაქვს პარლამენტი ქუთაისში, ის საერთოდ ვერ ხვდება საქართველოს მომავლის ლოგიკას და მას რა თქმა უნდა არ აქვს გააზრებული ჩვენი ისტორია და ქუთაისის მნიშვნელობა ერთიანი საქართველოსთვის", - განაცხადა სააკაშვილმა.
„ეს არის არა მხოლოდ ისტორიული ფუნქციის დაბრუნება ქუთაისისთვის, ეს არის ისტორიული ფუნქციის დაბრუნება იმ ქალაქში, რომელიც ყველა ქართველისთვის ერთიან, ძლიერ, ე.ი. დავით აღმაშენებლის საქართველოს განასახიერებს", - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ქალაქში ინფრასტრუქტურის განვითარებასთან ერთად, მთელ დასავლეთ საქართველოს უჩნდება განვითარების ლოგიკა და წინ წასვლის მნიშვნელოვანი სტიმული.