საპარლამენტო ფრაქციის "ერთობა სამართლიანობისთვის" მდივანი დიმიტრი ლორთქიფანიძე პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა კომპენსაციის საკითხზე პასუხს ხელისუფლებისგან ითხოვს.
ლორთქიფანიძემ უმრავლესობის წევრებს ამ კატეგორიის 20 000-ზე მეტი ადამიანის სახელით მიმართა და მათი ბედით დაინტერესება მოსთხოვა.
როგორც პარლამენტის დღეს გამართულ პლენარულ სხდომაზე დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ კანონი პარლამენტმა 2011 წლის აპრილში მიიღო. თუმცა, კომპენსაციის რაოდენობა კანონით კი არ განისაზღვრა, რასაც ოპოზიცია ითხოვდა, არამედ, მისი დადგენის უფლება სასამართლოს მიენიჭა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, სასამართლომ „პრაქტიკა ვერ ააწყო" და კომპენსაციები მხოლოდ 100-200 ლარის ფარგლებში დატოვა. ეს თანხა იმ ხარჯებსაც ვერ ფარავს, რომელიც მოქალაქეებს სასამართლოში მიმართვისთვის დოკუმენტაციების შესაგროვებლად სჭირდებათ. ამის გამო სასამართლო წარმოება თვე-ნახევარია, რაც შეჩერებულია.