უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ~ვარდების რევოლუციის~ მერვე წლისთავზე ხელისუფლებისგან კრიტიკული თვითშეფასებების მოსმენას ელოდა.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას თარგამაძემ განაცხადა, საზეიმოს მიღმა ჩვენს ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, რაზეც ხელისუფლებამ უნდა ისაუბროს.
~ვარდების რევოლუციის პერიოდში მოხდა ბევრი ისეთი რამ, რაც საკმაოდ სამარცხვინო ფურცლად ჩაიწერა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. მათ შორის ჩამოსვლასაც კი შეიძლება აზრი არ ჰქონდეს, მაგრამ რვა წლისთავზე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ სწორედ ამ ხნის განმავლობაში იყო უპრეცედენტო შემთხვევები ადამიანის უფლებების, საკუთრების უფლებების დარღვევის. ამ პერიოდის განმავლობაში მოხდა გირგვლიანის მკვლელობა, მოხდა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები, რომელიც ჯერჯერობით კვლავ გამოუძიებელია. სწორედ ამ ხნის განმავლობაში, ვერ მოვახერხეთ და ვერ ჩამოვაყალიბეთ ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც შექმნის გრძელვადიანი პოლიტიკური სტაბილური განვითარების საშუალებას. კვლავ გვქვს თავკომბალა პოლიტიკური სისტემა, რომელის სათავეშიც დგას ერთი დომინანტი პოლიტიკური პარტია, რაც ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას", - განაცხადა თარგამაძემ.
მისივე თქმით, ამ ხნის განმავლობაში, ღარიბი კიდევ უფრო მეტად გაღარიბდა და მდიდარი კიდევ უფრო მეტად გამდიდრდა.
თარგამაძის განცხადებით, ენა, რომლითაც ხელისუფლება მიმართავდა თავის ოპონენტებს არ შეცვლილა და ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს თუნდაც ამ რვა წლის შემდეგ.