საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა დღეს ბიძინა ივანიშვილის მისამართით განცხადება საპარლამენტო ტრიბუნიდან ისე გააკეთა, რომ მისი გვარი არ უხსენებია.
ცისკარიშვილის თქმით, პოლიტიკური ოპონენტები პოლიტიკური დებატების გაცილებით უფრო დაბალ რანგში გადაყვანას ცდილობენ, რადგან გასულ წლებში ჯეიმს კამერონის ფილმები შუქდებოდა, ახლა კი მულტფილმებზე ჩამოლაბორანტდნენ.
ცისკარიშვილმა ჯონდი ბაღათურიას პასუხი გასცა და ლურჯ მელიასთან დაკავშირებულ მულტფილმსაც გამოეხმაურა.
~მე არ მახსოვდა ზუსტად ამ მულტფილმის შინაარსი, მელია ლურჯსაღებავიან კასრში ჩავარდაო, ხომ არ გაგოგონებთ რომელიღაც ადამიანს, რომელიც ფულის ორმოში ჩავარდა და შემდეგ ჯონდისნაირ ადამიანებს ფულით სავსე ქისებს თვალწინ უჩხრიალებს და ამით ცდილობს ისინი მართოს~, - განაცხადა ცისკარიშვილმა.
მისივე თქმით, ეს ადამიანი, ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო და ამაში დამნაშავე საქართველოა, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო აცხადებს და კარგად იცის, საიდან მოდიოდა აგრესია.
მისივე თქმით, ეს ადამიანი ამბობს, რომ საქართველოს წინააღმდეგ არსებული ეკონომიკური ემბარგო, რომელიც რუსეთმა ცალმხრივად დააწესა, საქართველოს ბრალიაო, რითაც თავის ხელმძღვანელობა ასიამოვნა.
~ასევე ამბობს, რომ პუტინი დემოკრატიულ რეფორმებს დაიწყებს და ის დემოკრატი კაციაო. ამას რომ იტყვის ადამიანი რა იფიქრო იმაზე გარდა იმისა, ვის წარმოადგენს და ვის მიერ არის მართული?" - განაცხადა ცისკარიშვილმა.